2019 წლის 12 ივლისს, სასტუმრო “თბილისი რუმს”-ში შედგა პროექტის „ქალაქ თბილისში წყალდიდობის რისკის შემცირებისათვის შესაფერისი ღონისძიებების განსაზღვრა” შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის შედეგების წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის. შეხვედრისას პროექტის განმახორციელებლების – „Hydroc“ და „გარემო და განვითარება“ – ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ:
- მონაცემთა შეგროვება და მეთოდოლოგიის შერჩევა;
- წყალდიდობის სცენარების მოდელირება – ჰიდროლოგია, კლიმატის ცვლილება და ჰიდროდინამიკა;
- საადაპტაციო ღონისძიებები – საფრთხეების რუკაზე ასახვა და რისკის შემარბილებელი ღონისძიებები;
- ტექნოლოგიების და ცოდნის გადაცემა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის გუნდის წევრები, სამთავრობო უწყებების (გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოს მელიორაციის კომპანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და ა.შ.) საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა: გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო თანდილაშვილმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ქალბატონმა თამარ შარაშიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის (რადიო „თავისუფლება“) წარმომადგენლებიც, რომლებმაც შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე განათავსეს. მასალის ნახვა შესაძლებელია მოცემულ ბმულებზე:
- https://www.radiotavisupleba.ge/a/29388258.html
- https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/10156644838987360/
პროექტი „ქალაქ თბილისში წყალდიდობის რისკის შემცირებისათვის შესაფერისი ღონისძიებების განსაზღვრა” განახორციელა ორგანიზაცია Hydroc-მა, ორგანიზაციასთან „გარემო და განვითარება“ თანამშრომლობის საფუძველზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ კლიმატის ტექნოლოგიების ცენტრები და ქსელი (CTCN) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO).
პროექტის ძირითადი მიზანი იყო წყალდიდობების რისკის მართვის გაუმჯობესება მდინარე წავკისისწყლის აუზში.
პროექტის შედეგების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-ბმულზე: https://www.ctc-n.org/technical-assistance/projects/assessment-suitable-flood-mitigation-measures-tbilisi