ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სკოლების მწვანე გრანტების შედეგების წარდგენის დასკვნითი ღონისძიება

კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია გარემო და განვითარებამ წარმატებით განახორციელა საგრანტო კონკურსები მთიანი რეგიონების სკოლებისთვის „2022 წლის ცნობიერების ამაღლების პროგრამის შედგენა და განხორციელება“ პროექტის ფარგლებში.

მწვანე გრანტების ცნობიერების ამაღლების პროგრამის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცოდნის გაღრმავება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის შესახებ და ამ ტერიტორიებზე არსებული განსაკუთრებული ბუნებრივი ღირებულებების წარმოჩენა.

გუდამაყრის, შეუაფხოს და მაღაროსკარის სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მოამზადეს: სამაგიდო თამაში, შემეცნებითი ვიდეორგოლი, კომიქსი და გამართეს ეკოსაგანამანთლებლო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.

მოსწავლეებმა წარადგინეს თავისი პროექტები და დაგეგმეს თავისი სამომავლო აქტივობები. დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულმა სპიკერებმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს საქართველოს დაცული ტერიტორიები, მათი ღირებულებები და დაცვის ძირითადი პრინციპები და ასევე, გუდამაყრის და ფშავ-ხევსურეთის კულტურული მემკვიდრება. გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და იმსჯელეს მათთვის აქტუალურ თემებზე მოწვეულ სპიკერებთან ერთად.

კონკურსი განხორციელდა პროგრამა „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყო CNF, GEF, UNDP-ის მიერ.