წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის გაცნობის მიზნით, რეგიონებში შეხვედრები დაიწყო. ფორუმი 2023 წლის 21 ნოემბერს ზუგდიდში შედგა, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გახსნა.
საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი 2023 წელს დაამტკიცა. კანონი წყლის რესურსების სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ახალი კანონის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საკითხზე აქტიურად მუშაობენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
ფორუმი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ ერთობლივი პროექტის „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა.