2024 წლის 19-29 თებერვლის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონულ ცენტრში განხორციელდა საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მათი ცოდნის, შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასებისთვის მწვანე და რეკრეაციული მუნიციპალური სივრცეების მართვის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში გათვალისწინებული ცვლილების შესახებ. შეხვედრებმა მოიცვა 60-ზე მეტი მუნიციპალიტეტი და 255 ადამიანი. შეხვედრებს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების არქიტექტურის, კეთილმოწყობის, ზედამხედველობის იურიდიული და შესყიდვების სამსახურების წარმომადგენლები, აღნიშნული მიმართულებით მომუშავე საკრებულოს წარმომადგენლები და ასევე სამშენებლო კომპანიები და რეკრეაციული სივრცეების მოწყობით დაინტერესებული ორგანიზაციები. შეხვედრების შედეგად გამოვლინდა ის საჭიროებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებს აქვთ კოდექსთან შესაბამისობაში საქმიანობების დაგეგმვის და განხორციელების კუთხით.
აღნიშნული შეხვედრები განხორციელდა პროექტის “მწვანე და რეკრეაციული სივრცეებისთვის გამწვანების სტანდარტების შემუშავება” ფარგლებში რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება“, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა აქტიური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, პროგრამის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ ფაგლებში.
პროექტის მიზანია მწვანე და რეკრეაციული სივრცეების დაგეგმვის მართვის სტანდარტების მომზადება და ურბანული გამწვანების საკითხების ინტეგრირება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო კოდექსში, 2023 წელს შესული ცვლილებების მიხედვით.